ეროვნული ბანკის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავლების დინამიკა პოზიტიურია
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავლების დინამიკა პოზიტიურია

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლების დინამიკა პოზიტიურია.

ეროვნული ბანკის ანალიტიკური მონაცემებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან შემოსავლები წლიურად იზრდებოდა, რუსეთის მიერ ამოქმედებული ავიასანქციების შემდეგ კი, კლება შეინიშნება. თუმცა, თუ ბანკის პირველადი მონაცემებით, ივლისში ტურიზმიდან შემოსავლების წლიური კლება 13.3 პროცენტს შეადგენდა, დაზუსტებულ სტატისტიკაში მაჩვენებელი მხოლოდ 8.6 პროცენტით არის შემცირებული.

პირველად სტატისტიკაში აგვისტოში შემოსავლების 10.6-პროცენტიანი კლება იყო დაფიქსირებული, მონაცემების დაზუსტების შემდეგ კი, შემცირება 6.8 პროცენტს შეადგენს.

ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, სექტემბერში შემოსავლების წლიურმა კლებამ 4.9 პროცენტი შეადგინა, რაც ივლის-აგვისტოსთან შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

ეროვნული ბანკის ცნობით, ივლისში ტურიზმისგან საქართველომ 395.4 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, აგვისტოში 412.8 მილიონი დოლარის, სექტემბერში კი, 318.6 მილიონი დოლარის.

ამასთან, ივლის-სექტემბერში ვიზიტორთა მთლიანი რაოდენობა იზრდებოდა, შემოსავლების კლებას კი, ავიასანქციებთან ერთად, ეროვნულ ბანკში სავალუტო კურსის ცვლილებას უკავშირებენ.