ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, მიკროსაფინანსო ინდუსტრიის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და მიკროსაფინანსო ცენტრის ორგანიზებით, თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.
27-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის თემაა „ცვლილებები, შოკები და გადაწყვეტები: მიკროფინანსები გეოპოლიტიკის ჩრდილში“.
კონფერენცია ინკლუზიური ფინანსების ყველაზე დიდი ღონისძიებაა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რომელსაც მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნიდან 400-ზე მეტი დელეგატი ესწრება, მათ შორის, ფინანსური ინსტიტუტების, საინვესტიციო ფონდების, ფინანსურ სფეროს მარეგულირებლების, პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ორგანოებისა და სოციალური ფინანსების ინოვატორი კომპანიების წარმომადგენლები.
კონფერენციის მიზანია ინკლუზიურ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების განხილვა გეოპოლიტიკური და კლიმატური გამოწვევების ფონზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მიკრო და საოჯახო ბიზნესებსა და მოწყვლად ჯგუფებზე, როგორებიცაა ქალები, ახალგაზრდები, მიგრანტები და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა.
წლევანდელი კონფერენცია ლარის 30 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში იმართება. ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, კონფერენცია მოიცავს ერთობლივ აქტივობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას. კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ გახსნა.
„მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ეროვნული ბანკის და პირადად ჩემი სახელით, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობისთვის ჩვენი ქვეყანა შეარჩიეთ. რეფორმებმა, რომლებიც ეროვნულმა ბანკმა ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა, გადამწყვეტი როლი ითამაშა მიკროსაფინანსო სექტორის სტაბილურ განვითარებაში. შედეგად, დამკვიდრდა მოქნილი, მაგრამ პასუხისმგებლიანი საფინანსო მოდელი, რომელმაც გაუძლო სერიოზულ გამოწვევებს. საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორი დღეს დივერსიფიცირებული, რეგულირებული და ტექნოლოგიურად განვითარებული სექტორია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 400-მდე სტრუქტურული ერთეულით და ორ მილიარდ ლარამდე აქტივებითაა წარმოდგენილი. ის წარმოადგენს ფინანსური მომსახურების მნიშვნელოვან მიმწოდებელს, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც საბანკო ინფრასტრუქტურა ნაკლებად ხელმისაწვდომია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მიკრო და მცირე მეწარმეების არა მხოლოდ კრედიტორები, არამედ პარტნიორები, ინკლუზიური ეკონომიკისა და ფინანსური განათლების ხელშემწყობნი არიან. სწორედ მათი მოქნილობა, ადგილობრივ მოთხოვნებზე მორგებული მომსახურება და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა უზრუნველყოფს მათი საქმიანობის მდგრად მოდელს“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ.
მიკროსაფინანსო ცენტრისა და მიკრობანკ „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, არჩილ ბაკურაძის განმარტებით, საქართველოს არჩევა მასპინძელ ქვეყნად ასახავს კონფერენციის თემის აქტუალობას.
„ეს უნიკალური შესაძლებლობაა, მოხდეს იმის დემონსტრირება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და როგორ შეიძლება გაურკვევლობების საპირწონედ მიკროსაფინანსო სექტორი მოგვევლინოს სტაბილურობისა და ზრდის ხელშემწყობად. საქართველომ საკუთარ თავზე არაერთხელ გამოცადა გეოპოლიტიკური არასტაბილურობის რეალური ზეგავლენა, ხოლო მიკროსაფინანსო სფერო ჩამოყალიბდა, როგორც მდგრადობის მაგალითი“, – განაცხადა მიკროსაფინანსო ცენტრისა და მიკრობანკ „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ ბაკურაძემ.
MFC მიკროსაფინანსო ცენტრი არის საერთაშორისო ქსელი, რომელიც აერთიანებს 140 წევრ ორგანიზაციას 36 ქვეყნიდან ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ის ემსახურება ორ მილიონზე მეტ დაბალშემოსავლიან კლიენტს და მხარს უჭერს პასუხისმგებლიან, ინკლუზიურ და მდგრად ფინანსებს ადვოკატირების გზით, შესაძლებლობების გაძლიერებით, ციფრული ტრანსფორმაციით, მწვანე ფინანსებითა და ESG-ს ხელშეწყობით.