ეროვნული ბანკის გაფრთხილება - ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება ეროვნული ბანკის მიერ სპეციალური დოკუმენტის დამტკიცების გარეშე აკრძალულია
ეროვნული ბანკის გაფრთხილება - ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება ეროვნული ბანკის მიერ სპეციალური დოკუმენტის დამტკიცების გარეშე აკრძალულია

ეროვნული ბანკი დაინტერესებული მხარეებისთვის ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების რეგულირების წესს განმარტავს.

ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფასიან ქაღალდად ითვლება ისეთი მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები, როგორებიცაა წილობრივი თუ სასესხო ფასიანი ქაღალდები (აქციები და ობლიგაციები), ასევე, ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც შესაძლოა გარდაიქმნან ფასიან ქაღალდებად ან რომლებიც არიან მათზე ხელმოწერისა თუ მათი შეძენის უფლების მატარებლები. აგრეთვე, საინვესტიციო ხელშეკრულებები და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ინსტრუმენტები და უფლებები.

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის (მე-3 მუხლის პირველი პუნქტის) თანახმად, ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება განიმარტება როგორც ფასიანი ქაღალდების პირდაპირი ან არაპირდაპირი მიყიდვის წინადადება, არანაკლებ 100 ან წინასწარ დაუზუსტებელი რაოდენობის პირისათვის.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება სპეციალური დოკუმენტის – ემისიის პროსპექტის – მომზადებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი დამტკიცების გარეშე აკრძალულია. მოქმედი კანონმდებლობა ასევე განსაზღვრავს შემთხვევებს, რომლებზეც აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება. კერძოდ, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიერ საქართველოში ფასიანი ქაღალდების შეთავაზება“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

უწყების ცნობით, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე ემიტენტს ან მისი სახელით მოქმედი საბროკერო კომპანიის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტს ეკრძალება ფასიანი ქაღალდის გაყიდვის შეთავაზება ან ამ პირთა მიერ სხვა პირისაგან (ინვესტორისგან) ფასიანი ქაღალდის შესყიდვაზე თანხმობის მიღება.

ფასიანი ქაღალდების შეთავაზების საკითხს ასევე არეგულირებს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის (მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის) მიხედვით დაუშვებელია ფასიანი ქაღალდების რეკლამის გავრცელება მათი ემისიის პროსპექტის სახელმწიფო რეგისტრაციამდე.

„აღსანიშნავია, რომ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების წესების დარღვევამ, შესაძლოა გამოიწვიოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი  ინვესტორთა ინტერესებს ზიანი მიადგება. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (213-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით), განზრახ სათანადო ნებართვის მიუღებლად ფასიანი ქაღალდის საჯარო შეთავაზება ემისიის პროსპექტის გარეშე ან შეჩერებული ემისიის პროსპექტით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

უწყება მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, დაიცვან ზემოაღნიშნული მოთხოვნები და იმოქმედონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.