ეროვნული ბანკი - უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 400 ათასიდან 500 ათას ლარამდე გაიზარდა
საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ანგარიშშია საუბარი.
სებ-ის ინფორმაციით, 2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ბანკებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ. 2024 წლის ოქტომბერში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 18.6% შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, ბიზნესსესხების ზრდით არის განპირობებული.
„2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთ ნარჩუნდება. 2024 წლის პირველი სამი კვარტლის მანძილზე არსებულმა ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ სესხების მშპ-თან ფარდობის გაპის დახურვის ტემპი შეანელა, თუმცა სესხების მშპ-თან ფარდობა განაგრძობს თავის გრძელვადიან დონესთან ეტაპობრივ დაახლოებას. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობის არსებული დინამიკის შენარჩუნებისა და ეკონომიკური ზრდის ეტაპობრივი ნორმალიზების ფონზე, სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპი მომავალი წლის პირველ ნახევარში დაიხურება. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება. ამასთან, კომერციული ბანკები განაგრძობენ კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის ეტაპობრივ დაგროვებას“, – წერია ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილებაში.
ამასთან, მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, მათ ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი, 500 ათას ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეეზღუდა – შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს მიიღო. სებ-ის განცხადებით ეს ცვლილება მიმართულია საბანკო კრედიტების დოლარიზაციის შემცირებისკენ.
„ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად ეროვნული ბანკი კვლავ აქტიურად განაგრძობს მუშაობას. სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ეროვნული ბანკი, ინდუსტრიასთან კოორდინაციით, მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 400 ათასიდან 500 ათას ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა. აღსანიშნავია, რომ სებ-ი ასევე აქტიურად ადევნებს თვალყურს დეპოზიტების დოლარიზაციის დინამიკას, რომლის დონეც ოქტომბერში არსებული გაურკვევლობის ფონზე გაიზარდა და ფინანსურ სისტემაში ჭარბი უცხოური ვალუტის ლიკვიდობის დაგროვებას შეუწყო ხელი. იმისათვის, რომ ჭარბი ლიკვიდობა სესხების დოლარიზაციაში არ გადაიზარდოს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების ზღვარი 2024 წელს უკვე გაზარდა, როდესაც ის არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის 200 ათასი ლარიდან 400 ათას ლარამდე გაზარდა. შესაბამისად, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ეს ზღვარი კიდევ 100 ათასი ლარით ზრდას მოიცავს.