ეროვნული ბანკი - თებერვალში რეგიონის ქვეყნებიდან ფულადი გადმორიცხვების ზრდის მაღალი ტემპით ყაზახეთი და ყირგიზეთი გამოირჩეოდნენ
ეროვნული ბანკი - თებერვალში რეგიონის ქვეყნებიდან ფულადი გადმორიცხვების ზრდის მაღალი ტემპით ყაზახეთი და ყირგიზეთი გამოირჩეოდნენ

2022 წლის თებერვალში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წელთან შედარებით 13.7 პროცენტით მოიმატა და 183.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 27.5 პროცენტით 26.7 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

„საანგარიშო თვეში რეგიონის ქვეყნებიდან ზრდის მაღალი ტემპით, 680.7 პროცენტით ყაზახეთიდან და 225.2 პროცენტით ყირგიზეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები გამოირჩეოდა, რომელთა წვლილები მთლიანი გზავნილების ცვლილებაში, შესაბამისად, 7.4 და 1.4 პროცენტული პუნქტებით აისახა. ფულადი გადმორიცხვები ყველა მეზობელი ქვეყნიდან – რუსეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შემცირდა. საანგარიშო პერიოდში წლიურ დონეზე ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხები 13.5 პროცენტით გაიზარდა, რაც, ძირითადად, გერმანიიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. საბერძნეთიდან გზავნილების მოცულობა კვლავ, 21.5 პროცენტით შემცირდა. დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა აშშ-დან 10.3 პროცენტით გაზრდილმა ნაკადებმა და ისრაელიდან 1.2 პროცენტით მიღებულმა თანხებმა. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს, 44.0 პროცენტით ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენენ, შემდეგ მოდის რუსეთი 12.0 პროცენტით და აშშ 11.5 პროცენტიანი წილით. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია გერმანიის, საბერძნეთისა და იტალიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ამასთან, ცენტრალური ბანკის ანგარიშის თანახმად, 2022 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3.0803-დან 3.0081-მდე, ანუ 2.3 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.4889-დან 3.4115-მდე, ანუ 2.2 პროცენტით გამყარდა. ხოლო თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 3.1540 და 3.5255 შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 3.1540, ხოლო მინიმალურმა 2.9200 შეადგინა. სებ-ის ინფორმაციით, თვის საშუალო მაჩვებენლებით, საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი სომხური დრამის მიმართ – 0.3 პროცენტით და ევროს მიმართ 0.1 პროცენტით გამყარდა, ხოლო რუსული რუბლის მიმართ – 1.2 პროცენტით და თურქული ლირის მიმართ – 0.8 პროცენტით გაუფასურდა, აზერბაიჯანული მანათის მიმართ კი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.