ეროვნული ბანკი - თებერვალში ლარი დოლარის მიმართ გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა
ეროვნული ბანკი - თებერვალში ლარი დოლარის მიმართ გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6956-დან 2.6818-მდე, ანუ 0.5%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 3.1602-დან 3.1723-მდე, ანუ 0.4%-ით გაუფასურდა.

მათივე ცნობით, თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6759 და 3.1581 შეადგინა.

როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშშია აღნიშნული, ამ პერიოდში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.6908 იყო, მინიმალური კი – 2.6740.

„თებერვალში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები თანაბრად იყო გადახრილი. თებერვალში საშუალოდ დოლართან მიმართებაში, როგორც თვის, ასევე წლის ჭრილში, გაუფასურდა თურქული ლირა, ხოლო რუსული რუბლი გამყარდა. თვის დონეზე ასევე შესამჩნევი იყო ევროს, სომხური დრამის და ლარის გამყარება, აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა.

ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად – 1.7%-ით, თვის ჭრილში კი 0.9%-ით გაუფასურდა. რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, თებერვალში წლიურად 3.3%-ით გამყარდა, თვის ჭრილში კი პრაქტიკულად არ შეცვლილა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშშია აღნიშნული, ზოგადად, ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება, თუმცა იმპორტულ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს.

„სავაჭრო პარტნიორთაგან თებერვალში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსსა და აზერბაიჯანში საქართველოსთან შედარებით მაღალი იყო, ხოლო სომხეთში, აშშ-სა და ევროზონაში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალი ნარჩუნდება“, – ნათქვამია ანგარიშში.