ეროვნული ბანკი - თებერვალში ლარი დოლარის მიმართ 0.4 პროცენტით გაუფასურდა
ეროვნული ბანკი - თებერვალში ლარი დოლარის მიმართ 0.4 პროცენტით გაუფასურდა

თებერვალში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.2973-დან 3.3092-მდე, ანუ 0.4 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 4.0186-დან 4.0024- მდე, ანუ 0.4 პროცენტით გამყარდა.

„თებერვალში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 3.3265, ხოლო მინიმალურმა 3.2888 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა 0.5 პროცენტი, ხოლო მინიმალური – 0.6 პროცენტი დაფიქსირდა. საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი ევროს მიმართ საშუალოდ – 0.8 პროცენტით, სომხური დრამის მიმართ – 0.3 პროცენტით, თურქული ლირისა და აზერბაიჯანული მანათის მიმართ – 0.1 პროცენტით გამყარდა, ხოლო რუსული რუბლის მიმართ კი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამასთან, როგორც ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, იანვართან შედარებით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 0.8 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.0 პროცენტით გაუფასურდა.

„წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 12.2 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 10.8 პროცენტით გაუფასურდა. სავაჭრო პარტნიორთაგან თებერვალში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 3.6 პროცენტზე მაღალი იყო თურქეთში 15.6 პროცენტი, ბელორუსში – 8.6 პროცენტი, უკრაინაში – 7.5 პროცენტი, რუსეთში – 5.7 პროცენტი, სომხეთში – 5.3 პროცენტი, აზერბაიჯანში – 4.2 პროცენტი, ხოლო დაბალი იყო აშშ-ში 1.7 პროცენტი და ევროზონაში – 0.9 პროცენტი“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიმოხილვაში.