ეროვნული ბანკი - სექტემბერში ინფლაციის ზრდაზე ყველაზე მეტად მარცვლეული პროდუქტების გაძვირება მოქმედებდა
ეროვნული ბანკი - სექტემბერში ინფლაციის ზრდაზე ყველაზე მეტად მარცვლეული პროდუქტების გაძვირება მოქმედებდა

2021 წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო აგვისტოსთან შედარებით ფასებმა 0.2 პროცენტით მოიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის ზრდაზე ყველაზე მეტად მარცვლეული პროდუქტების გაძვირება მოქმედებდა.

კერძოდ, ხორბლის პურზე, წიწიბურაზე, ბრინჯზე და მანანის ბურღულზე ფასების ზრდამ თვის ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა. საპირისპიროდ, ჯანმრთელობის დაზღვევის, საბანკო მომსახურების საკომისიოს, სანოტარო მომსახურების, ასლის გადაღების გაიაფებამ ჯამში თვის ინფლაცია 0.3 პროცენტული პუნქტით შეამცირა.

„წლიურ ჭრილში, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას სურსათის ფასები ახდენდა. სურსათის გაძვირება გლობალური ტენდენციაა, რაც საქართველოზეც აისახება. სექტემბერში სურსათის წლიურმა ინფლაციამ 16.5 პროცენტი, ხოლო წვლილმა მთლიან ინფლაციაში 4.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აქედან გამოსარჩევია მსოფლიო ბაზარზე ფასის მატების გამო მზესუმზირის ზეთის 77.0% პროცენტით გაძვირება, რამაც მთლიანი ინფლაცია 0.6 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ხორბლის გაძვირებამ პურის ფასის 13.4 პროცენტით და, შესაბამისად, ინფლაციის 0.5 პროცენტული პუნქტით მატება გამოიწვია. ყველის, კარტოფილის, კვერცხის, ქათმის ხორცის და შაქრის გაძვირებამ ჯამში ინფლაცია 1.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და, შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა. 2020 წლის სექტემბერთან შედარებით ბენზინი – 44.0 პროცენტით, ხოლო დიზელი 37.0 პროცენტით გაძვირდა, რითაც საწვავის წვლილი წლიურ ინფლაციაში 1.9 პროცენტულ პუნქტს გაუტოლდა.

ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 9.2 პროცენტით გაძვირდა, ხოლო სიგარეტის გაძვირების წვლილმა ინფლაციაში 0.2 პროცენტული პუნქტი შეადგინა. კომუნალური გადასახადების გავლენა ინფლაციაზე კვლავ 1.7 პროცენტული პუნქტი იყო. როგორც წინა ანგარიშებში აღვნიშნეთ, ამის მიზეზი, მეტწილად, კომუნალურ გადასახადების სუბსიდირების დასრულება და ასევე გარკვეული კომუნალური გადასახადის ზრდაა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 6.3 პროცენტს გაუტოლდა“,- აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ იმპორტირებულ საქონელზე 17.8 პროცენტამდე მოიმატა, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ საქონელზე 8.6 პროცენტი შეადგინა, შერეული საქონელი 14.5 პროცენტით გაძვირდა.