ეროვნული ბანკი - საქართველოში დაბალი ინფლაცია სურსათის საერთაშორისო ფასების ეტაპობრივ კლებას და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას უკავშირდება
ეროვნული ბანკი - საქართველოში დაბალი ინფლაცია სურსათის საერთაშორისო ფასების ეტაპობრივ კლებას და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას უკავშირდება

2023 წლის ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.1% შეადგინა, ხოლო ოქტომბერთან შედარებით ფასები 0.2%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. ეროვნული ბანკის ცნობით, ამავდროულად, მსოფლიოში სურსათის ფასების კლების ტენდენცია მეტწილად გრძელდება. დაბალ დონეზე ნარჩუნდება ტრანსპორტირების ღირებულება.

„ბოლოდროინდელი მცირედი გაუფასურების მიუხედავად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი მყარ პოზიციას ინარჩუნებს. ეს კი საგარეო შოკების ეტაპობრივ მილევასთან ერთად იმპორტირებული ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ხელს უწყობს. ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, სამომხმარებლო კალათაში ფასების მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა. წლიურ ჭრილში აღსანიშნავია სურსათის 3.6%-ით გაიაფება, რაც ინფლაციას 1.1 პროცენტული პუნქტით ამცირებს. სურსათიდან გამოსარჩევია მზესუმზირის ზეთის, პურისა და კარტოფილის გაიაფება, რამაც ნოემბერში ინფლაცია ჯამურად 1.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა. ძროხის ხორცის გაძვირებამ კი ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ამდენითვე გაზარდა ინფლაცია საბანკო მომსახურების გაძვირებამ. რამდენიმეთვიანი მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ ნოემბერში საწვავის გაძვირება თითქმის შეჩერდა, თუმცა ბენზინის ფასმა გასული წლის ნოემბრის ფასს 3.9%-ით გადააჭარბა და ინფლაცია 0.2 პროცენტული პუნქტით გაზარდა. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 1.8% შეადგინა“, – აცხადებენ მარეგულირებელში.

ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ გასულ თვესთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით მოიკლო და ნოემბერში 3.8% შეადგინა.

„ადგილობრივი ინფლაციის კლება მეტწილად სურსათის ფასების წლიურ გაიაფებას და ზოგიერთ მომსახურებაზე (ბინის ქირა, სამედიცინო მომსახურება და ა.შ.) საბაზო ეფექტის ამოწურვას უკავშირდება. სურსათის ფასების წლიური შემცირება შერეულად წარმოებული პროდუქტების ფასების ინფლაციის შემცირებაზეც აისახება. იმპორტირებული პროდუქტების დეფლაცია მცირდება (-1.0%) და ამის მიზეზი, პირველ რიგში, საწვავის ფასების ზრდა და საბაზო ეფექტია. შედარებით მაღალ ადგილობრივ ინფლაციას მომსახურების წლიური 6.8-პროცენტიანი გაძვირება განაპირობებს. მომსახურების წვლილი ადგილობრივ ინფლაციაში 3.0 პროცენტული პუნქტია. თავის მხრივ, მომსახურების ინფლაციაში მაღალი წვლილი აქვს საბანკო მომსახურების გაძვირებას და გასულ წელს უცხოელთა რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგად გაზრდილ ბინის დაქირავების ღირებულებას“, – წერია ცენტრალური ბანკის ანგარიშში.