ეროვნული ბანკი - საქართველოში 2020 წელს მშპ-ის ზრდა ხუთი პროცენტი იქნება, რაც ძირითადად, წმინდა ექსპორტისა და ინვესტიციების შემცირებით არის გამოწვეული
ეროვნული ბანკი - საქართველოში 2020 წელს მშპ-ის ზრდა ხუთი პროცენტი იქნება, რაც ძირითადად, წმინდა ექსპორტისა და ინვესტიციების შემცირებით არის გამოწვეული

ეკონომიკური პროგნოზების მიხედვით, საქართველოში 2020 წელს ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად შეიკვეცება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშშია საუბარი.

სებ-ის მიმდინარე პროგნოზით, რეალური მშპ-ის ზრდა საქართველოში 2020 წელს ხუთი პროცენტი იქნება, რაც, ძირითადად, წმინდა ექსპორტისა და ინვესტიციების შემცირებით არის გამოწვეული.

„პანდემიის სწრაფი გავრცელების შეკავებისთვის შემოღებული შეზღუდვები ეკონომიკურ საქმიანობაზე უარყოფითად აისახა. არსებითად დაზარალდა ტურიზმის სექტორი. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაწყებული ვირუსის მეორე ტალღა და ვაქცინის შექმნის თარიღის გარშემო არსებული გაურკვევლობა. აღნიშნულის საფუძველზე მოსალოდნელია ქვეყნებს შორის გადაადგილებაზე დაწესებული შეზ­ღუდვებისა და მკაცრი რეგულაციების გახანგრძლივება, რაც ტურიზმის სექტორს კიდევ უფრო მეტად დააზარალებს. 2020 წელს, მსოფლიოში არსებული ვითარებისა და ადგილობრივად დაწესებული შეზღუდვების ფონზე, დაიკლებს ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, შემცირდება ფულადი გზავნილები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება. თუმცა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან პარტნიორობით დაგეგმილი მოცულობითი ფისკალური სტიმული მძიმე შოკის შედეგებს ნაწილობრივ დააკომპენსირებს და პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ გლობალური ეკონომიკური პროგნოზის მსგავსად, საქართველოს ეკონომიკური პროგნოზები გაურკვევლობის მაღალი დონით ხასიათდება“, – ნათქვამია ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საქართველოს ეკონომიკა ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულში რუსეთიდან ფრენების აკრძალვის უარყოფითი შედეგების გადალახვის პროცესში იყო, როდესაც ახალი გამოწვევა წამოიჭრა. 2019 წლის ზაფხულის შოკმა და შემდგომ 2020 წლის პანდემიამ მნიშვნელოვნად გააუარესა საქართველოს საგადასახდელო ბალანსი.

„ბოლო წლებში საქართველოს მზარდმა დამოკიდებულებამ საერთაშორისო სავაჭრო და ფინანსურ ნაკადებზე პანდემიის პირობებში ფინანსური სტაბილურობის რისკები წარმოშვა. ისტორიულად, აღნიშნული ნაკადების ძირითად წყაროს საქონლის ექსპორტი წარმოადგენს, თუმცა ბოლო წლებში შემოდინებებში მნიშვნელოვნად იზრდებოდა ტურიზმიდან შემოსავლების წილი. გაზრდილი სავაჭრო და ფინანსური ნაკადები დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა, ასევე, განაპირობებს მზარდ დამოკიდებულებას სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზე. წარსულში შემოდინებების შეფერხებებმა, რომლებსაც თან ახლდა შიდა დისბალანსი, აჩვენა, რომ მსგავს ეპიზოდებს მშპ-ის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. პანდემიით გამოწვეულმა მსოფლიო ეკონომიკის რეცესიამ აღნიშნული რისკების რეალიზება კიდევ ერთხელ მოახდინა. კერძოდ, რეგიონსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა საგადასახდელო ბალანსის შემოდინებები. ეს კი, ადგილობრივი ეკონომიკური შენელების ფონზე, უარყოფით გავლენას ახდენს მშპ-ის ზრდაზე და ფინანსური სტაბილურობის რისკებს წარმოქმნის“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.