ეროვნული ბანკი - საკრედიტო ზრდა საშუალოვადიან პერიოდში მდგრად დონეს დაუახლოვდება
ეროვნული ბანკი - საკრედიტო ზრდა საშუალოვადიან პერიოდში მდგრად დონეს დაუახლოვდება

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0 პროცენტზე, დატოვა.

როგორც ბანკის გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, 2019 წლის დასაწყისიდან სესხების ზრდა, ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის ამოქმედების შედეგად, მოსალოდნელი ტენდენციით ხასიათდება.

„2019 წლის აგვისტოში საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.6 პროცენტით შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც გასულ პერიოდებში ჭარბ საკრედიტო ზრდასა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს. კომიტეტის შეფასებით, არსებული ტენდენციით საკრედიტო ზრდა საშუალოვადიან პერიოდში მდგრად დონეს დაუახლოვდება“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ჩარჩოს განვითარებას. ამასთან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაახლა ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის გამოცემა, რომელიც ყოველწლიურად გამოქვეყნდება.

„საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და საჭიროებისამებრ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2019 წლის 27 ნოემბერს გაიმართება.