ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინზე განმეორებით კონკურსს აცხადებს
ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინზე განმეორებით კონკურსს აცხადებს

ორი ახალი საკოლექციო მონეტის დიზაინის შექმნის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი განმეორებით კონკურსს აცხადებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კონკურსი შემდეგ თემებზე გამოცხადდა: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი და დედამიწის დღე.

„2021 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი სრულდება და სწორედ ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა გამოუშვას ამ თარიღის აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა, რაც მიზნად ისახავს ამ მოვლენის მნიშვნელობის ხაზგასმასა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერას“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

საკოლექციო დანიშნულების მონეტის დიზაინის ესკიზის შესაქმნელად, ახალი კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

რაც შეეხება დედამიწის დღეს, გარემოსდაცვითი საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება შეუერთდეს გლობალურ ინიციატივას და 2021 წელს დედამიწის დღის აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვას, რაც მიზნად ისახავს ამ აქტივობების ხელშეწყობასა და საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით.

საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზის შესაქმნელად, ახალი კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.