ეროვნული ბანკი – საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მიესალმება ეროვნულ ბანკში გადაწყვეტილების მიღების პროცესში კოლეგიალური მოდელის დანერგვას

11:36, 14.11.2026

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია მიესალმება საქართველოს ეროვნული ბანკის განზრახვას, გადაწყვეტილების მიღების კოლეგიალური მოდელი ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც დაინერგოს, – ამის შესახებ სსფ-ის მისიის საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სსფ-ის შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ბოლო პერიოდში შეტანილი ცვლილებები მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს.

სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მონეტარული პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კოლეგიალურობის პრინციპს ნერგავს, ასევე აძლიერებს ეროვნული ბანკის საბჭოს აღმასრულებელი წევრების ადგილმონაცვლეობის მექანიზმსა და საბჭოს წევრობის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს.

ამასთან, სსფ-ის მისია მოუწოდებს შესაბამის მხარეებს, მიიღონ ზომები ეროვნული ბანკის საბჭოში არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობის მუდმივად შესანარჩუნებლად, ფონდის მიერ ადრე გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

„ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ბოლოხანს შეტანილი ცვლილებები მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს. ეს ცვლილებები ნერგავენ კოლეგიალურობის პრინციპს მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებისას, აძლიერებენ სებ-ის საბჭოს აღმასრულებელი წევრების ადგილმონაცვლეობის მექანიზმს და საბჭოს წევრობის კვალიფიკაციის კრიტერიუმებს. სსფ-ს მისია მიესალმება ეროვნული ბანკის განზრახვას გადაწყვეტილების მიღების კოლეგიალური მოდელი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც დაინერგოს. ამასთან მოვუწოდებთ მიიღონ ზომები, რომ სებ-ის საბჭოში არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობა მუდმივად იქნას შენარჩუნებული, ადრე გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად“, – ნათქვამია სსფ-ის მისიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, საქართველოში ვიზიტი 9-13 ნოემბერს გამართა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა და რეფორმების მიმართულებით მიღწეული პროგრესი შეაფასა.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

მსგავსი