ეროვნული ბანკი - ოქტომბერში წლიურად ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი - 6.3, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 18.7 პროცენტით გამყარდა
ეროვნული ბანკი - ოქტომბერში წლიურად ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი - 6.3, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 18.7 პროცენტით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანგარიშში სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა. ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ – 2.6454-დან 2.6909-მდე, 1.7%-ით, ხოლო ევროს მიმართ 2.8303-დან 2.8422-მდე, 0.4%-ით გაუფასურდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.7048 და 2.8603 შეადგინა.

ოქტომბერში ლარისა და დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 2.7058, ხოლო მინიმალურმა 2.6675 შეადგინა.

„ოქტომბერში გაცვლითი კურსის მინიმალური მნიშვნელობა მაქსიმალურთან შედარებით 1.5-ჯერ მეტად იყო გადახრილი. ოქტომბერში, საშუალოდ, დოლართან მიმართებაში შესამჩნევია სომხური დრამის, თურქული ლირისა და ლარის გაუფასურება. შედარებით მცირედით გაუფასურდა ევრო და რუსული რუბლი, ხოლო აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები წლიურად გამყარებას განაგრძობს. ოქტომბერში, წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 6.3%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 18.7%-ით გამყარდა. რაც შეეხება თვიურ ტენდენციას, წინა თვესთან შედარებით, ოქტომბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 0.8%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი 0.5%- ით გაუფასურდა. ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. სავაჭრო პარტნიორთაგან ოქტომბერში წლიური ინფლაცია თურქეთში, რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, აშშ-სა და ევროზონაში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო სომხეთში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციებში კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.