ეროვნული ბანკი – ოქტომბერში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 470 მილიონი ლარით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი თითქმის 38 მილიონი ლარით გაიზარდა

12:06, 26.11.2025

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 68.03 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 507.77 მილიონი ლარით, ანუ 0.75%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 12.71% შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 470.13 მლნ ლარით, ანუ 1.21%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა კი 37.64 მლნ ლარით, ანუ 0.13%-ით გაიზარდა.

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებსეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.82 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 1.07%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით – 19.09 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.29%-ითნაკლებია.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.08%-ით, ანუ 378.83 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ოქტომბრის ბოლოსათვის 35.52მილიარდი ლარი შეადგინა.

2025 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.03% შეადგინა და წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.260 პროცენტული პუნქტით.

მსგავსი