ეროვნული ბანკი – ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 690 მილიონი ლარით გაიზარდა

18:56, 25.11.2021

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2021 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 690.98 მლნ ლარით, ანუ 1.69%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 41.70 მლრდ ლარი შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 368.03 მლნ ლარით, ანუ 1.86%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 322.95 მლნ ლარით, ანუ 1.52%-ით გაიზარდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.55 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 2.12%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 13.48 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 1.28%-ით მეტია. ხოლო 2021 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.82%-ით, ანუ 372.36 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 20.79 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 48.42 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.08 პროცენტული პუნქტით.

მსგავსი