ეროვნული ბანკი - ოქტომბერში ინფლაციის ზრდაზე ყველაზე მეტად პურის გაძვირებამ იმოქმედა
ეროვნული ბანკი - ოქტომბერში ინფლაციის ზრდაზე ყველაზე მეტად პურის გაძვირებამ იმოქმედა

2021 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 12.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასებმა 1.3 პროცენტით მოიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის ზრდაზე ყველაზე მეტად პურის გაძვირებამ იმოქმედა.

„მსოფლიოში ხორბლის გაძვირება ადგილობრივ ბაზარზე პურის ფასს გადმოეცა. გასულ თვესთან შედარებით პური 7.5 პროცენტით გაძვირდა, ხოლო წვლილმა თვის ინფლაციაში 0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. სეზონური ფაქტორების გამო, კარტოფილის, ყველის და პომიდორის გაძვირებამ ინფლაცია ჯამში 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა. საპირისპიროდ, ვაშლის გაიაფებამ ინფლაცია 0.1 პროცენტული პუნქტით შეამცირა. წლიურ ჭრილში, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას სურსათის ფასები ახდენს. სურსათის გაძვირება გლობალური ტენდენციაა, რაც საქართველოზეც აისახება.

ოქტომბერში სურსათის წლიურმა ინფლაციამ 19.2 პროცენტი, ხოლო წვლილმა მთლიან ინფლაციაში 5.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. მთლიანი და საბაზო (სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს გარეშე) ინფლაცია ბოლოდროინდელი გაძვირების გამო სურსათიდან ყველაზე გამოსარჩევი პური გახდა. პურის წლიურმა გაძვირებამ ოქტომბერში 21.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო სამომხმარებლო კალათაში ამ პროდუქტის ყველაზე დიდი წონის (3.74%) გამო ინფლაციაზე გავლენა 0.8 პროცენტული პუნქტამდე გაიზარდა. შემცირდა, თუმცა კვლავ მაღალი, 0.4 პროცენტული პუნქტი რჩება მზესუმზირის ზეთის გავლენა ინფლაციაზე. კვერცხს და ყველს სათითაოდ ამდენივე წვლილი აქვთ.

ქათმის ხორცის, პომიდორის და შაქრის წვლილი ინფლაციაში ჯამში 0.6 პროცენტული პუნქტია. მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და, შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა. 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით ბენზინი – 42.7, დიზელი 35.4, ხოლო გაზის საწვავი 11.2 პროცენტით არის გაძვირებული, რითაც საწვავის წვლილი წლიურ ინფლაციაში 1.9 პროცენტული პუნქტს უტოლდება. ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 8.4 პროცენტით გაძვირდა, ხოლო სიგარეტის წვლილმა ინფლაციაში 0.2 პროცენტული პუნქტი შეადგინა. კომუნალური გადასახადების გავლენა ინფლაციაზე კვლავ 1.7 პროცენტული პუნქტი იყო. როგორც წინა ანგარიშებში აღვნიშნეთ, ამის მიზეზი, მეტწილად, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების დასრულება და ასევე გარკვეული კომუნალური გადასახადის ზრდაა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 6.2 პროცენტს გაუტოლდა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ ადგილობრივ, შერეულ და იმპორტირებულ საქონელზე შესაბამისად 9.5, 15.3 და 17.5 პროცენტი შეადგინა.