ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს, ფინანსური მონაცემების გამოყენებისა და ინტერნეტში ოპერაციების განხორციელებისას სიფრთხილე გამოიჩინონ
ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს, ფინანსური მონაცემების გამოყენებისა და ინტერნეტში ოპერაციების განხორციელებისას სიფრთხილე გამოიჩინონ

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებისთვის შეტყობინებას ავრცელებს, რომელიც მოქალაქეების პირადობის დამადასტურებელი მონაცემების ერთ-ერთ ჰაკერულ ფორუმზე საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას შეეხება.

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ინტერნეტით გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია არ შეიცავს მოქალაქეების პირად ფინანსური მონაცემებს.

„2020 წლის 30 მარტს, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების პირადობის დამადასტურებელი მონაცემების ერთ-ერთ ჰაკერულ ფორუმზე საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ. ინტერნეტით გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია არ შეიცავს მოქალაქეების პირად ფინანსურ მონაცემებს, როგორიცაა პიროვნების ანგარიშის ნომერი, ფინანსური ოპერაციების შესახებ ინფორმაცია, დისტანციური ფინანსური მომსახურების გასახორციელებლად საჭირო მონაცემები (მაგალითად, ინტერნეტ და მობაილ ბანკის პაროლი და მომხმარებლის სახელი) და სხვა.

შესაბამისად, ინტერნეტში განთავსებული მონაცემები არ არის საკმარისი ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად. სხვა პერსონალური (მათ შორის პირადი ფინანსური) მონაცემების გარეშე და დანერგილი პრევენციული კონტროლის მექანიზმების საშუალებით, თუ მომხმარებელი დაიცავს უსაფრთხოების მინიმალურ წესებს, არ არსებობს შესაძლებლობა, რომ მოქალაქეების პირადობის დამადასტურებელი მონაცემები ფინანსური თაღლითობის მიზნებისთვის იყოს გამოყენებული. დამატებით, თაღლითობის პრევენციის მიზნით, კომერციული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები მუდმივმოქმედ რეჟიმში აკვირდებიან კლიენტების ფინანსურ ოპერაციებსა და მონაცემებს“, – აცხადებს უწყება.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, გამოიჩინონ სიფრთხილე, განსაკუთრებით, თუ ეს მომხმარებლის მიერ ფინანსური მონაცემების გამოყენებასა და ინტერნეტში ოპერაციების განხორციელებას უკავშირდება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი, მოქალაქეებს შეუძლიათ,  დაუკავშირდნენ საქართველოს ეროვნულ ბანკს ცხელ ხაზზე – 2 406 406.

დატოვე კომენტარი