ეროვნული ბანკი მოქალაქეებისთვის სესხებზე ხელმისაწვდომობას ამკაცრებს
ეროვნული ბანკი მოქალაქეებისთვის სესხებზე ხელმისაწვდომობას ამკაცრებს

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის პირველი პირველი აპრილიდან მოქალაქეებისთვის სესხებზე ხელმისაწვდომობა მკაცრდება. საუბარია კოეფიციენტების სისტემაზე, რომელიც სესხის მომსახურების ყოველთვიურ გადასახადის ზღვრის დაწესებას გულისხმობს.

მოქმედი ნორმით, მოქალაქეებს, რომლებსაც თვეში 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვთ, სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 25 პროცენტს, ანუ 250 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 1000 ლარზე მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის კი სესხის მომსახურების დაშვებული ყოველთვიური მაქსიმალური ლიმიტი შემოსავლის 50 პროცენტი, ანუ 500 ლარია, ხოლო ახალი ნორმით, რომელიც ძალაში პირველი აპრილიდან შევა, სესხის აღების 25 პროცენტიანი ზღვარი 1000-ის ნაცვლად, 1500 ლარი იქნება. შესაბამისად იმ მოქალაქეებს, რომლებსაც 1500 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვთ, შედარებით დიდი კრედიტის აღებას ვეღარ შეძლებენ.

„სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რის შემდგომ რიგი ნომინალური ეკონომიკური მაჩვენებლები საგრძნობლად გაიზარდა. აღნიშნულის საკომპენსაციოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1,000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვიტილებით ეს ზღვარი 1,500 ლარამდე იზრდება. აღნიშნული ცვლილება 2022 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, იპოთეკური სესხების ძირითადი ნაწილი ცვლადგანაკვეთიანია, რასაც თან ახლავს საპროცენტო რისკი, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის წინაპირობების გათვალისწინებით განსაკუთრებით საგულისხმოა. ამ რისკის საპასუხოდ საჭირო ბუფერების არსებობისთვის, კომერციულმა ბანკებმა ცვლადგანაკვეთიანი კრედიტის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს 3 პროცენტული პუნქტი საპროცენტო განაკვეთის შოკი უნდა გაითვალისწინონ.

2022 წლის პირველი მაისიდან დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები აღნიშნული შოკის გათვალისწინებით გადათვლილმა სესხის მომსახურების კოეფიციენტმა უნდა დააკმაყოფილოს. ეს ცვლილებები, რომელთა მიზანი მსესხებელი ფიზიკური პირების შოკის შეწოვის უნარის შენარჩუნებაა, ხელს შეუწყობს ფინანსურ სტაბილურობას და თანხვედრაშია FSAP-ის რეკომენდაციებთან. საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს“, – აცხადებენ ცენტრალურ ბანკში. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2022 წლის პირველ ივნისს გაიმართება.