ეროვნული ბანკი - მნიშვნელოვანია, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა მოკლევადიანი მოგების მიღების მიზნით, ზედმეტი რისკი არ დააგროვონ
ეროვნული ბანკი - მნიშვნელოვანია, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა მოკლევადიანი მოგების მიღების მიზნით, ზედმეტი რისკი არ დააგროვონ

ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2020 წელს კომერციული ბანკების მომგებიანობა ნულთან ახლოს იქნება.

როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, პანდემიამდე საბანკო სექტორი მაღალი მომგებიანობით ხასიათდებოდა, 2019 წელს საშუალო უკუგება კაპიტალზე 18 პროცენტის ფარგლებში იყო. პანდემიის შედეგად, წმინდა მოგება უარყოფითი გახდა და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მინუს 747 მილიონი ლარი შეადგინა.

„უნდა აღინიშნოს, რომ უარყოფითი მოგება „კოვიდ-19“-ის პირობებში წარმოქმნილი ნეგატიური მოლოდინების დასაბალანსებლად შექმნილი რეზერვებით არის განპირობებული. მაღალი საოპერაციო შემოსავლების წყალობით, მოსალოდნელია, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ, ბანკებს საშუალება ექნებათ, მომგებიანობის ჯანსაღი დონე აღიდგინონ. გარდა ამისა, „კოვიდ-19“-ის შოკის გავლენის შესამცირებლად მიღებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ზომები მომგებიანობაზე გარკვეულწილად დადებითად აისახება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა მოკლევადიანი მოგების მიღების მიზნით, ზედმეტი რისკი არ დააგროვონ“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წარმოდგენილია ფინანსურ სისტემაში არსებული გამოწვევებისა და რისკების შეფასება და ძირითადი აქცენტი გაკეთებულია საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე, ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის. ფინანსური სტაბილურობის ანგარიში ასევე, მოიცავს ადგილობრივი ფინანსური სისტემის მდგრადობის ანალიზს და მიმოიხილავს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მიერ ფინანსური სტაბილურობის ხელშესაწყობად მიღებულ ზომებს.