ეროვნული ბანკი – მიმდინარე წელს ინფლაციის მატების მთავარი ფაქტორი მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში საწვავზე ფასების ზრდაა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა, ხოლო ივლისთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.4%-ით მოიმატა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, მიმდინარე წელს ინფლაციის მატების მთავარი ფაქტორი მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოში, საწვავზე ფასების ზრდაა. აღნიშნული დინამიკა ძირითადად საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხებების შედეგია, რამაც ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტების ფასებზე ზრდის მიმართულებით ზეწოლა წარმოქმნა.
რაც შეეხება შედარებით ხისტი ფასების საზომებს, უწყების ინფორმაციით, საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, აგვისტოში 3.6% შეადგინა, ხოლო მომსახურების ინფლაცია 4.4%-ს გაუტოლდა.
„აგვისტოში, გასულ თვესთან შედარებით, აღსანიშნავია საწვავის გაძვირება, რამაც თვის ინფლაცია 0.19 პროცენტული პუნქტით გაზარდა. სეზონური ფაქტორების გამო საზამთროს, ვაშლის, ატმის და ყურძნის გაიაფებამ თვის ინფლაცია, ჯამში, 0.17 პროცენტული პუნქტით შეამცირა. წლიურ ჭრილში ბენზინი და დიზელი, შესაბამისად, 23% და 40%-ით გაძვირებულია, ხოლო, ჯამში, საწვავის გავლენა ინფლაციაზე 1.1 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. ინფლაციის მატებაზე სურსათი კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, თუმცა მისი წვლილი წლის საწყის თვეებთან შედარებით შემცირებულია. ივლისში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ინფლაციამ – 5.0%, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 1.7 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აქედან ყველაზე დიდი გავლენა პურს (0.5 პპ) და ძროხის ხორცს (0.5 პპ) ჰქონდა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ელექტროენერგიის გადასახდელის (0.5 პპ) და ჯანდაცვის (0.4 პპ) წვლილები. წლიურ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მნიშვნელოვან გავლენას ხანგრძლივი მოხმარების საქონლის გაიაფება ახდენს. კერძოდ, ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ტექნიკის (ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა) ფასების კლებამ მთლიანი ინფლაცია 0.18 პროცენტული პუნქტით შეამცირა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის კვლევაში.
რაც შეეხება ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციას, ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა.
„ადგილობრივ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა პურის, ხორცისა და ყველის ფასებს აქვს (ჯამში 2.9 პპ). შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაციაში (5.3%) ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილები ელექტროენერგიის გადასახდელზე (1.8 პპ), მზესუმზირის ზეთსა (0.9 პპ) და ოქროს ბეჭედზე (0.7 პპ) მოდიოდა. იმპორტირებულმა ინფლაციამ 5.7% შეადგინა, რაც ძირითადად საწვავის ფასების გაძვირებით აიხსნება“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარშში.