ეროვნული ბანკი – მიმდინარე წელს ინფლაციის მატების მთავარი ფაქტორი მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოში, საწვავზე ფასების ზრდაა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა, ხოლო აგვისტოსთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.4%-ით მოიმატა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, მიმდინარე წელს ინფლაციის მატების მთავარი ფაქტორი მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოში, საწვავზე ფასების ზრდაა. აღნიშნული დინამიკა გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხებების შედეგია, რამაც ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასები გაზარდა.
რაც შეეხება შედარებით ხისტი ფასების საზომებს, საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, სექტემბერში 3.5% შეადგინა, ხოლო მომსახურების ინფლაცია 3.7%-ს გაუტოლდა.
„გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარების და ლოგისტიკური პრობლემების ფონზე სექტემბერში საწვავი კვლავ გაძვირდა, რამაც თვის ინფლაცია 0.32 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ამის საპირისპიროდ, უმაღლესი სასწავლებლის შემცირებულმა გადასახდელმა ინფლაციაზე კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და თვის ინფლაცია 0.73 პროცენტული პუნქტით შეამცირა. თვის ინფლაციის შემცირების მიმართულებით ასევე მოქმედებდა სურსათის ცალკეული კატეგორიების წინა თვესთან შედარებით ფასების კლება.
წლიურ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ყველაზე დიდი წვლილი ენერგომატარებლების ფასებს აქვს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბენზინისა და დიზელის ფასები, შესაბამისად, 30%-ით და 54%-ით გაიზარდა, რამაც მთლიან ინფლაციაზე ჯამურად 1.5 პროცენტული პუნქტის გავლენა მოახდინა. სურსათის გავლენა ინფლაციაზე წლის დასაწყისთან შედარებით მცირდება. სექტემბერში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ინფლაციამ – 3.4%, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 1.2 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აქედან ყველაზე დიდი გავლენა პურს (0.5 პპ) და ძროხის ხორცს (0.5 პპ) ჰქონდა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ელექტროენერგიის გადასახდელის (0.5 პპ) და ჯანდაცვის (0.7 პპ) წვლილი.
წლიურ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა განათლების ჯგუფმა მოახდინა, რომელმაც მთლიანი ინფლაცია 0.6 პროცენტული პუნქტით შეამცირა. ამავდროულად, ხანგრძლივი მოხმარების საქონლის კატეგორიაში დეფლაციური ტენდენცია კვლავ ნარჩუნდება. საშუალო ხანგრძლივობის მოხმარების საქონლის კატეგორიაში კი სექტემბერში ფასები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირდა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის კვლევაში.
რაც შეეხება ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციას, სექტემბერში, ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 4.9% შეადგინა.
„ადგილობრივ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა – პურის, ხორცისა და ყველის ფასებს (ჯამში 2.7 პპ), ხოლო შემცირების მიმართულებით უმაღლესი სასწავლებლებში სწავლის გადასახადის შემცირებას ჰქონდა. შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაციაში (4.8%) ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ელექტროენერგიის გადასახდელზე მოდიოდა. იმპორტირებულმა ინფლაციამ 7.8% შეადგინა, რაც ძირითადად საწვავის ფასების გაძვირებით აიხსნება (6.1 პპ)“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარშში.