ეროვნული ბანკი – მიმდინარე წელს ინფლაციის მატების მთავარი ფაქტორი მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში საწვავზე ფასების ზრდაა

16:57, 04.11.2026

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.9%-ით მოიმატა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, მიმდინარე წელს ინფლაციის მატების მთავარი ფაქტორი მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში საწვავზე ფასების ზრდაა. აღნიშნული დინამიკა, პირველ რიგში, ჰორმუზის სრუტეში არსებული განგრძობადი დაძაბულობისა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხებების შედეგია, რამაც ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასები გაზარდა.

რაც შეეხება შედარებით ხისტი ფასების საზომებს, საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, ოქტომბერში 3.9% შეადგინა, ხოლო მომსახურების ინფლაცია 4.0%-ს გაუტოლდა.

„გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარების და ლოგისტიკური პრობლემების ფონზე ოქტომბერში საწვავის ფასებმა ზრდა განაგრძო, რამაც თვის ინფლაცია 0.33 პროცენტული პუნქტით გაზარდა. წლიური ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა ასევე საწვავის ფასებს აქვს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბენზინისა და დიზელის ფასები, შესაბამისად, 37%-ით და 61%-ით გაიზარდა, რამაც მთლიან ინფლაციაზე ჯამურად 1.8 პროცენტული პუნქტის გავლენა მოახდინა. სურსათის გავლენა ინფლაციაზე წლის დასაწყისთან შედარებით მცირდება. ოქტომბერში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ინფლაციამ – 3.1%, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 1.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აქედან გამოსარჩევი ძროხის ხორცის (0.4 პპ) და პურის (0.3 პპ) გაძვირებაა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ელექტროენერგიის გადასახდელის (0.5 პპ) და ჯანდაცვის (0.7 პპ) წვლილები. წლიურ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა უმაღლესი სასწავლებლის გადასახადის (0.7 პპ) შემცირებამ მოახდინა. ამავდროულად, ხანგრძლივი მოხმარების საქონლის კატეგორიაში, საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაიაფების ხარჯზე, დეფლაციური ტენდენცია (0.1 პპ) ნარჩუნდება“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის კვლევაში.

რაც შეეხება ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციას, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 4.7% შეადგინა.

„ადგილობრივ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა – პურის, ხორცისა და ბინის ქირის (ჯამში, 2.6 პპ) ფასებს, ხოლო შემცირების მიმართულებით უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გადასახადის (1.6 პპ) შემცირებას ჰქონდა. შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაციაში (4.7%) ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ელექტროენერგიის გადასახდელზე (1.8 პპ) მოდიოდა. იმპორტირებულმა ინფლაციამ 9.4% შეადგინა, რაც ძირითადად საწვავის ფასების გაძვირებით აიხსნება (7.3 პპ)“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარშში.

მსგავსი