ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების გზამკვლევს აქვეყნებს
ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების გზამკვლევს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაზე მუშაობის ფარგლებში მდგრადი დაფინანსების გზამკვლევს აქვეყნებს.

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ გზამკვლევი აერთიანებს ყველა იმ შესაძლო ღონისძიებას, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების მიმართულებით მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში.

„გზამკვლევის მთავარი მიზანია შექმნას სანდო, პროგნოზირებადი და სტაბილური რეგულატორული ჩარჩო, რომელიც მოამზადებს ბაზარს მდგრად დაფინანსებაზე გადასვლისთვის. თანმიმდევრული და თავსებადი ღონისძიებების გატარებით და ადაპტაციისთვის საჭირო დროის მიცემით, გზამკვლევი ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მდგრადი განვითარების საკითხების გათვალისწინებას.

გზამკვლევი თავსებადია მდგრადი განვითარების მიმართულებით არსებულ ეროვნულ ინიციატივებთან და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების „საქართველო 2020“ სტრატეგიასთან. იგი ითვალისწინებს როგორც გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ასევე სოციალურ და მმართველობით საკითხებს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, შემუშავებული სამოქმედო გეგმა რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს: მდგრად დაფინანსებაზე ცნობიერების ამაღლება და კვალიფიკაციის ზრდა; სოციალური, გარემოსდაცვითი და მმართველობითი საკითხების გათვალისწინება რისკების მართვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში; გამჭვირვალობის ზრდა და საბაზრო დისციპლინა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კაპიტალის მდგრადი სექტორებისკენ წარმართვას.

გზამკვლევი, ბაზრის განვითარების პარალელურად, პერიოდულად გადაიხედება და განახლდება.

საქართველოს მდგარდი დაფინანსების გზამკვლევი შეიქმნა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) და კორპორაციის მხარდაჭერით შექმნილ მდგრად საბანკო ქსელთან (SBN), თანამშრომლობის შედეგად.  საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრად საბანკო ქსელს (SBN) 2017 წელს შეუერთდა. გზამკვლევი ქსელის წევრი 36 ქვეყნის გამოცდილებას და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ემყარება, ასევე შესაბამისობაშია ევროკავშირის კომისიის სამოქმედო გეგმასთან.

გზამკვლევის წარდგენა დღეს ვაშინგტონში, მდგრადი საბანკო ქსელის (SBN) საერთაშორისო შეხვედრაზე იგეგმება. შეხვედრას დაესწრებიან ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინანსური ბაზრების წარმომადგენლები.