ეროვნული ბანკი - მარტში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 49.5 პროცენტით გაიზარდა
ეროვნული ბანკი - მარტში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 49.5 პროცენტით გაიზარდა

2021 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.2 მლნ აშშ დოლარი (627.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 49.5%-ით (62.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.7% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 94.8% მოდიოდა.

სებ-ის ცნობით, გზავნილების მოცულობით რუსეთის ფედერაცია ლიდერობს, საიდანაც საქართველოში 32.19 აშშ დოლარი გადმოირიცხა. მეორე ადგილზე 30.51 მლნ აშშ დოლარით იტალიაა, მესამეზე აშშ – 24.12 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზე საბერძნეთი – 20.67 მლნ აშშ დოლარით ხოლო მეხუთეზე 15.62 მლნ აშშ დოლარით ისრაელია.

ამასთან, 2021 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 24.9 მლნ აშშ დოლარი (83.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის მარტის (20.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.9%-ით მეტია.