ეროვნული ბანკი - მარტში ლარი დოლარის მიმართ 0.8 პროცენტით გაუფასურდა, ევროს მიმართ კი 0.7 პროცენტით გამყარდა
ეროვნული ბანკი - მარტში ლარი დოლარის მიმართ 0.8 პროცენტით გაუფასურდა, ევროს მიმართ კი 0.7 პროცენტით გამყარდა

მარტში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.3092-დან 3.3356-მდე, ანუ 0.8 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 4.0024-დან 3.9728-მდე, ანუ 0.7 პროცენტით გამყარდა. შესაბამისად, თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 3.4118 და 4.0044 შეადგინა.

„მარტში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 3.4118, ხოლო მინიმალურმა 3.3190 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა 2.3 პროცენტი, ხოლო მინიმალური -0.5 პროცენტი დაფიქსირდა. საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი ევროს მიმართ საშუალოდ – 1.5 პროცენტით, თურქული ლირის მიმართ – 2.8 პროცენტით, სომხური დრამის მიმართ – 0.8 პროცენტით და რუსული რუბლის მიმართ 0.1 პროცენტით გამყარდა, ხოლო აზერბაიჯანული მანათის მიმართ კი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამასთან, როგორც ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, თებერვალთან შედარებით ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 4.5 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.0 პროცენტით გამყარდა.

„წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 5.8 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 7.2 პროცენტით გაუფასურდა. სავაჭრო პარტნიორთაგან მარტში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 7.2 პროცენტზე მაღალი იყო თურქეთში 16.2 პროცენტი, ბელორუსსა და უკრაინაში – 8.5 პროცენტი, ხოლო დაბალი იყო რუსეთსა და სომხეთში – 5.8 პროცენტი, აზერბაიჯანში – 4.1 პროცენტი, აშშ-ში – 2.6 პროცენტი და ევროზონაში – 1.3 პროცენტი“, – ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.