ეროვნული ბანკი - მარტში ევროკავშირის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით პოლონეთიდან, გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ლატვიიდან ვიზიტორთა რაოდენობამ მოიმატა
ეროვნული ბანკი - მარტში ევროკავშირის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით პოლონეთიდან, გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ლატვიიდან ვიზიტორთა რაოდენობამ მოიმატა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის მარტში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 236.9 პროცენტით გაიზარდა.

მათივე ცნობით, ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 84.5 პროცენტი შეადგინა და წლიურად 210.6 პროცენტით მოიმატა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საანგარიშო თვეში ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

„2021 წლის მეორე ნახევრიდან საქართველოში პანდემიის შემაკავებელი ზომების შერბილებამ და საზღვრების გახსნამ ტურიზმის დარგის გამოცოცხლებას ხელი შეუწყო და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა გაგრძელდა. 2022 წლის მარტში ვიზიტორების წლიურმა ზრდამ 236.9 პროცენტი შეადგინა, თუმცა ეს საბაზო ეფექტს უკავშირდება, ვინაიდან 2021 წელს ანალოგიურ პერიოდში ტურიზმი პრაქტიკულად გაჩერებული იყო. 2020 წლის მარტთან შედარებით კი 10.3 პროცენტით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა. რეგიონის ქვეყნებიდან ვიზიტორების ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს თურქეთიდან (39.7 პპ), რუსეთიდან (31.9 პპ) და სომხეთიდან (29.2 პპ) შემოსულმა ვიზიტორებმა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა, რამაც მთლიან ზრდაში 16.1-პროცენტიანი წვლილი შეადგინა. განსაკუთრებით, პოლონეთიდან (3.0 პპ), გერმანიიდან (2.4 პპ), გაერთიანებული სამეფოდან (3.9 პპ) და ლატვიიდან (1.3 პპ) შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ მოიმატა. დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია საუდის არაბეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, როგორც ზრდის ტემპით, ასევე მთლიან ზრდაში წვლილით. წინა თვის მსგავსად, საანგარიშო პერიოდში, ისრაელიდან შემოსული ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, რაც ვიზიტორთა მთლიან ზრდაში მაღალი წვლილით გამოირჩეოდა“,  – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.