ეროვნული ბანკი - მაისში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 42.4 პროცენტით გაიზარდა
ეროვნული ბანკი - მაისში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 42.4 პროცენტით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მაისში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით, 42.4 პროცენტით გაიზარდა და 187.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 68.5 პროცენტით 22.9 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

„საანგარიშო თვეში რეგიონის ქვეყნებიდან მაღალი ტემპით, 115.3 პროცენტით აზერბაიჯანიდან და 347.1 პროცენტით ყაზახეთიდან გაიზარდა გადმორიცხული ფულადი სახსრები, რომელთა წვლილი მთლიანი გზავნილების ცვლილებაში 3.1 და 1.8 პროცენტული პუნქტებით აისახა. ფულადი გადმორიცხვები ასევე უკრაინიდან, ყირგიზეთიდან და რუსეთიდან გაიზარდა, ხოლო თურქეთიდან მცირედით დაიკლო. საანგარიშო თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა 26.5 პროცენტით მოიმატა, რაც იტალიიდან, გერმანიიდან და საბერძნეთიდან გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა 58.8 პროცენტით აშშ-დან და 29.8 პროცენტით ისრაელიდან გაზრდილმა თანხებმა. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები, რომელზეც 43.2 პროცენტი მოდის და 16.9 პროცენტით რუსეთი წარმოადგენდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

დატოვე კომენტარი