ეროვნული ბანკი – მაისში ლარში გაცემული სესხების მოცულობა ნახევარი მილიარდი ლარით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 52 მილიონი ლარით შემცირდა

11:50, 02.07.2025

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2025 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, 456.90 მილიონი ლარით, ანუ 0.71%-ით გაიზარდა და მაისის ბოლოს 64.67 მილიარდი ლარი შეადგინა.

სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 15.07% შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 508.92 მლნ ლარით, ანუ 1.40%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 52.02 მლნ ლარით, 0.19%-ით შემცირდა.

ამასთან, ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.62 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.95%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოური ვალუტით – 18.48 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის იმავე მაჩვენებელს 0.46%-ით ჩამორჩება.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის მაისის განმავლობაში 1.25%-ით, ანუ 412.52 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მაისის ბოლოსთვის 33.31 მილიარდილარი შეადგინა.

2025 წლის მაისის ბოლოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.13% შეადგინა და წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით გაიზარდა 0.386 პროცენტული პუნქტით.

მსგავსი