ეროვნული ბანკი - მაისში ლარი დოლარის მიმართ 1.6 პროცენტით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 0.1 პროცენტით გაუფასურდა
ეროვნული ბანკი - მაისში ლარი დოლარის მიმართ 1.6 პროცენტით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 0.1 პროცენტით გაუფასურდა

მაისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.4367-დან 3.3813- მდე, ანუ 1.6 პროცენტით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 4.1018-დან 4.1070-მდე, ანუ 0.1 პროცენტით გაუფასურდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 3.2779 და 3.9922 შეადგინა.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„მაისში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ 3.4503, ხოლო მინიმალურმა – 3.2635 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა – 2.0 პროცენტი, ხოლო მინიმალური -3.5 პროცენტი დაფიქსირდა. საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი რუსული რუბლის მიმართ საშუალოდ – 2.9 პროცენტით, ევროს მიმართ – 1.8 პროცენტით და სომხური დრამის მიმართ 1.1 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირის მიმართ 2.3 პროცენტით გამყარდა, აზერბაიჯანული მანათის მიმართ კი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამასთან, როგორც სებ-ში აღნიშნავენ, წინა თვესთან შედარებით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 1.1 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.8 პროცენტით გამყარდა.

„წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 3.8 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 5.0 პროცენტით გაუფასურდა. სავაჭრო პარტნიორთაგან მაისში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 7.7 პროცენტზე მაღალი იყო თურქეთში 16.6 პროცენტი, უკრაინაში – 9.5 პროცენტი და ბელორუსში – 9.4 პროცენტი, ხოლო დაბალი იყო რუსეთში 6.0 პროცენტი, სომხეთში – 5.9 პროცენტი, აშშ-ში – 5.0 პროცენტი, აზერბაიჯანში – 4.9 და ევროზონაში – 2.0 პროცენტი“, – აღნიშნულია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.