ეროვნული ბანკი – მაისში, აპრილთან შედარებით, ლარი დოლარისა და ევროს მიმართ გამყარდა

13:20, 11.07.2026

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ – 2.6955-დან 2.6806- მდე, ანუ 0.6%-ით, ხოლო ევროს მიმართ 3.1481-დან 3.1315-მდე, ანუ 0.5%-ით გამყარდა.

მათივე ცნობით, თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6693 და 3.1079 შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.6916 იყო, მინიმალური კი – 2.6693. მაისში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობები თანაბრად იყო გადახრილი.

„მაისში საშუალოდ დოლართან მიმართებაში საქართველოს თითქმის ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტა გამყარდა, გარდა თურქული ლირისა, რომელმაც როგორც თვის, ასევე წლიურ ჭრილში გაუფასურება განაგრძო. შესამჩნევი იყო რუსული რუბლის გამყარება, ასევე გამყარდა სომხური დრამი და ლარი. ევრო და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა.

ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 0.7%-ით, თვის ჭრილში კი 0.2%-ით გაუფასურდა. თვის ჭრილში გაუფასურების მიზეზი მეტწილად რუსული რუბლის გამყარებაა, ხოლო წლის ჭრილში – როგორც რუბლის გაუფასურება, ასევე თურქეთში მაღალი ინფლაცია. რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, მაისში წლიურად 2.0%-ით გამყარდა, თვის ჭრილში კი 0.1%-ით გაუფასურდა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშშია აღნიშნული,ზოგადად, ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება, თუმცა იმპორტულ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს.

„გლობალურად მომატებული გაურკვევლობის და გაზრდილი ინფლაციური რისკების ფონზე ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციები გაიზარდა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

მსგავსი