ეროვნული ბანკი - კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა თითქმის მილიარდი ლარით შემცირდა
ეროვნული ბანკი - კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა თითქმის მილიარდი ლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2022 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 924.29 მლნ ლარით, ანუ 2.15%-ით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 42.16 მლრდ ლარი შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 185.18 მლნ ლარით, ანუ 0.87%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 739.11 მლნ ლარით, ანუ 3.37%-ით შემცირდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის იანვრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.67 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 3.75%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოური ვალუტით 13.18 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 3.86%-ითაა შემცირებული.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის იანვრის განმავლობაში 0.50%-ით, ანუ 108.41 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 21.44 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი თებერვლისთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.77 პროცენტი შეადგინა, 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.64 პროცენტული პუნქტით.