ეროვნული ბანკი - ივნისთან შედარებით, ივლისში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 887 მილიონი ლარით შემცირდა
ეროვნული ბანკი - ივნისთან შედარებით, ივლისში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 887 მილიონი ლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი ივლისისთვის 34.53 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 887.45 მლნ ლარით, ანუ 2.51%-ით ნაკლებია პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

ანგარიშის თანახმად, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 746.45 მლნ ლარით, ანუ 4.44%-ით შემცირდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 141.01 მლნ ლარით, ანუ 0.76%-ით შემცირდა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 39.98 პროცენტი შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.70 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.05% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.96%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.21%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.00%, ხოლო ევროს წილმა 14.63% შეადგინა.

დატოვე კომენტარი