ეროვნული ბანკი – ივნისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 10.4%-ით გაიზარდა და 348.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

15:55, 15.07.2026

2026 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 348.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 925.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 10.4%-ით, ანუ 32.8 მლნ აშშ დოლარით მეტია 2025 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე – ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ ივნისში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 42.2%-ს შეადგენს, შესაბამისი 147.0 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 4.8%-ს უტოლდება. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ამასთან, აშშ-დან და ისრაელიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, ივნისში აშშ-დან – 12.7%-იანი, ხოლო ისრაელიდან 22.4%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა, მოცულობამ კი, შესაბამისად, 66.2 და 29.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2026 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 39.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 105.7 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2025 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.0% მეტია.

მსგავსი