ეროვნული ბანკი - ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 19.3 პროცენტით პროცენტით გაიზარდა
ეროვნული ბანკი - ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 19.3 პროცენტით პროცენტით გაიზარდა

2021 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 201.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 638.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 19.3%-ით, ანუ 32.7 მლნ აშშ დოლარით მეტია 2020 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.3% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 94.7% მოდიოდა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, გზავნილების მოცულობით რუსეთის ფედერაცია ლიდერობს, საიდანაც საქართველოში 39.08 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. მეორე ადგილზე 31.70 მლნ აშშ დოლარით იტალიაა, მესამეზე აშშ – 24.98 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზე საბერძნეთი – 20.21 მლნ აშშ დოლარით ხოლო მეხუთეზე 15.64 მლნ აშშ დოლარით ისრაელია.

2021 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 83.7 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ივნისის (21.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20.8%-ით მეტია.