ეროვნული ბანკი - ივნისში ლარი დოლარის მიმართ 6.5 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ 7.2 პროცენტით გამყარდა
ეროვნული ბანკი - ივნისში ლარი დოლარის მიმართ 6.5 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ 7.2 პროცენტით გამყარდა

ივნისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.3813-დან 3.1616-მდე, ანუ 6.5 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 4.1070-დან 3.8111-მდე, ანუ 7.2 პროცენტით გამყარდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 3.1603 და 3.7608 შეადგინა, შესაბამისად. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

„ივნისში ლარი დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 3.2688, ხოლო მინიმალურმა 3.0791 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა – 3.4 პროცენტი, ხოლო მინიმალური -2.6 პროცენტი დაფიქსირდა. საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი რუსული რუბლის მიმართ საშუალოდ – 2.0 პროცენტით და სომხური დრამის მიმართ 1.4 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირის მიმართ 2.9 პროცენტით და ევროს მიმართ 0.8 პროცენტით გამყარდა, აზერბაიჯანული მანათის მიმართ კი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.” – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამასთან, როგორც სებ-ში აღნიშნავენ, წინა თვესთან შედარებით ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 7.4 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 7.2 პროცენტით გამყარდა.

“წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.9 პროცენტით გამყარდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.2 პროცენტით გაუფასურდა. სავაჭრო პარტნიორთაგან ივნისში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებული 9.9 პროცენტის ტოლი იყო ბელორუსში, მაღალი იყო თურქეთში 17.5 პროცენტი, ხოლო დაბალი იყო უკრაინაში 9.5 პროცენტი, რუსეთსა და სომხეთში – 6.5 პროცენტი, აშშ-ში – 5.4 პროცენტი, აზერბაიჯანში – 4.7 პროცენტი და ევროზონაში – 1.9 პროცენტი“, – აღნიშნულია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

დატოვე კომენტარი