ეროვნული ბანკი - ივლისში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 10.4 პროცენტით გაიზარდა
ეროვნული ბანკი - ივლისში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 10.4 პროცენტით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის ივლისში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 10.4 პროცენტით გაიზარდა და 208.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 19.9 პროცენტით, 26.7 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

„ივლისში რეგიონის ქვეყნებიდან მაღალი ტემპით, 252.3 პროცენტით ყაზახეთიდან და 192.1 პროცენტით ყირგიზეთიდან გაიზარდა გადმორიცხული ფულადი სახსრები, რომელთა წვლილები მთლიანი გზავნილების ცვლილებაში, შესაბამისად, 3.6 და 0.7 პროცენტული პუნქტებით აისახა. ფულადი გადმორიცხვები ასევე აზერბაიჯანიდან გაიზარდა, ხოლო თურქეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან შემცირდა. საანგარიშო თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა 16.3 პროცენტით მოიმატა, რაც, ძირითადად, 44.1 პროცენტით იტალიიდან და 18.8 პროცენტით გერმანიიდან გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა აშშ-დან 13.7 პროცენტით და ისრაელიდან 14.4 პროცენტით გაზრდილმა თანხებმა.

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს, 41.2 პროცენტს ევროკავშირის ქვეყნები და 19.2 პროცენტიანი წილით რუსეთი წარმოადგენდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“,- აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.