ეროვნული ბანკი – ივლისში ლარი როგორც დოლარის, ასევე ევროს მიმართ გამყარდა

14:56, 05.09.2026

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ – 2.6561-დან 2.6346-მდე, ანუ 0.8%-ით, ხოლო ევროს მიმართ 3.0621-დან 3.0084-მდე, ანუ 1.8%-ით გამყარდა.

მათივე ცნობით, თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6266 და 3.0159 შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.6444 იყო, მინიმალური კი – 2.6266.

„ივლისში საშუალო კურსთან შედარებით გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა მინიმალურზე მეტად მცირედით იყო გადახრილი. ივლისში საშუალოდ დოლართან მიმართებაში თურქულმა ლირამ როგორც თვის, ასევე წლიურ ჭრილში გაუფასურება განაგრძო. თვის ჭრილში ასევე გაუფასურდა ევრო და რუსული რუბლი. მცირედ გამყარდა სომხური დრამი, აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა. რაც შეეხება ლარს, გამყარება შეინიშნება როგორც თვიურ, ასევე წლიურ დონეზე. შედეგად, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გამყარდა როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში. კერძოდ, ივლისში წლიურად – 5.7%-ით, თვის ჭრილში კი 2.2%-ით გამყარდა.

რაც შეეხება ლარის რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსს, იგი წლიურად – 3.0%-ით, თვის ჭრილში კი 1.3%-ით გამყარდა. ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება ლარის რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსზე გამყარების მიმართულებით აისახებოდა, თუმცა წლის ჭრილში ცალკეულ ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთან ინფლაციათა მაღალი დიფერენციალი ლარის რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსზე გაუფასურების მიმართულებით აისახებოდა. ჯამურად, ნომინალური კურსის გამყარება და ინფლაციათა შორის დიფერენციალი ერთმანეთს მეტნაკლებად აბალანსებს, რაც ბოლო თვეებში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის დონის მის წონასწორულ დონესთან ახლოს შენარჩუნებას განაპირობებს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

მსგავსი