ეროვნული ბანკი - ივლისში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 398.21 მლნ ლარით გაიზარდა, უცხოური ვალუტით კი, 15.38 მლნ ლარით შემცირდა
ეროვნული ბანკი - ივლისში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 398.21 მლნ ლარით გაიზარდა, უცხოური ვალუტით კი, 15.38 მლნ ლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2021 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით 382.83 მლნ ლარით, ანუ 0.98%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 39.60 მლრდ ლარი შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 398.21 მლნ ლარით, ანუ 2.15%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 15.38 მლნ ლარით, ანუ 0.07%-ით შემცირდა.

ამასთან, ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის ივლისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.98 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 1.56%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 12.90 მლრდ ლარის, რაც წინა თვესთან შედარებით 0.11%-ით ნაკლებია.

„2021 წლის ივლისის განმავლობაში 1.46%-ით, ანუ 285.63 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 19.88 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 47.73 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.55 პროცენტული პუნქტით“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.