ეროვნული ბანკი - ივლისში დოლართან მიმართებით თურქული ლირა და რუსული რუბლი გაუფასურდა, შედარებით გამყარდა ევრო და ლარი
ეროვნული ბანკი - ივლისში დოლართან მიმართებით თურქული ლირა და რუსული რუბლი გაუფასურდა, შედარებით გამყარდა ევრო და ლარი

ეროვნულმა ბანკმა ანგარიშში სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა. საქართველოს ბანკის ინფორმაციით, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6178-დან 2.5975-მდე, 0.8%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ, საშუალოდ, 2.8359-დან 2.8674-მდე, 1.1%-ით გაუფასურდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6433 და 2.9060 შეადგინა.

ივლისში ლარისა და დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 2.6491, ხოლო მინიმალურმა 2.5692 შეადგინა.

„ივლისში გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა, მინიმალურთან შედარებით, თითქმის ორჯერ მეტად იყო გადახრილი. ივლისში, საშუალოდ, დოლართან მიმართებით შესამჩნევია თურქული ლირისა და რუსული რუბლის გაუფასურება, შედარებით ნაკლებად გამყარდა ევრო და ლარი, ხოლო სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები გამყარებას განაგრძობს.

„ივლისში წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 13.8%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 26.9%-ით გამყარდა. რაც შეეხება თვიურ ტენდენციას, წინა თვესთან შედარებით, ივლისში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 2.4%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 4.3%-ით გამყარდა. ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. სავაჭრო პარტნიორთაგან ივლისში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ევროზონაში, რუსეთში, აშშ-სა და ბელარუსში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო დაბალი – სომხეთში. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციებში კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – აღნიშნულია ანგარიშში.