ეროვნული ბანკი - ინფლაციის შემცირებას, საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების სტაბილიზაციასთან ერთად, ლარის კურსის გამყარება უწყობს ხელს
ეროვნული ბანკი - ინფლაციის შემცირებას, საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების სტაბილიზაციასთან ერთად, ლარის კურსის გამყარება უწყობს ხელს

2022 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 9.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ნოემბერთან შედარებით, ფასები 0.3 პროცენტით შემცირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და ბოლო თვეებში შემცირების ტრენდი აქვს.

„საერთაშორისო ბაზრებზე საქონლის ფასები კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, თუმცა უკანასკნელ თვეებში გარკვეული სტაბილიზაცია და კლების ტენდენცია შეინიშნება, რამაც ლარის გამყარებასთან და გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკასთან ერთად საქართველოში ინფლაციის შემცირებას ხელი უნდა შეუწყოს“, – აღნიშნავენ ცენტრალურ ბანკში.

ამასთან, როგორც მარეგულირებელში განმარტავენ, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე შესამჩნევი ბენზინის 6 პროცენტით გაიაფება იყო, რამაც თვის ინფლაცია 0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა. სიგარეტის 2 პროცენტით გაძვირებამ კი ინფლაცია 0.1 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

„სურსათზე ფასების ზრდამ დეკემბრის წლიურ ინფლაციაში 4.8-პროცენტიანი წვლილი შეიტანა. აქედან გამოსარჩევი პურზე, ყველზე და კარტოფილზე გაზრდილი ფასებია. ბოლო თვეებში საწვავი თანდათან იაფდება. პარალელურად, საწვავის წვლილიც ინფლაციაში მცირდება. დეკემბერში ეს მაჩვენებელი 0.1 პროცენტულ პუნქტამდე შემცირდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მთლიან ინფლაციასთან შედარებით, დაბალი იყო და 6.8 პროცენტს შეადგენდა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, რომ ინფლაციის შემცირებას საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების გარკვეულ სტაბილიზაციასა და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან, ერთად ლარის კურსის გამყარება უწყობს ხელს.

„ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტირებული ინფლაციის კლება განაპირობებს. ბოლო თვეებში იმპორტირებულ ინფლაციას კლების ტენდენცია აქვს, რასაც, საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების გარკვეულ სტაბილიზაციასა და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან ერთად, ლარის კურსის გამყარება უწყობს ხელს. დეკემბერში იმპორტირებული ინფლაცია 5.5 პროცენტამდე შემცირდა. ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია მაღალია და 13.8 პროცენტს შეადგენს. მაღალი ადგილობრივი ინფლაცია, ერთი მხრივ, სურსათის (პური, ყველი, ხორცის) ფასების ზრდას, ხოლო მეორე მხრივ, მომსახურების გაძვირებას უკავშირდება, რომელთაგანაც მნიშვნელოვანი ბინის ქირისა და სანოტარო გადასახდელის გაძვირებაა“, – აღნიშნავენ ცენტრალურ ბანკში.