ეროვნული ბანკი - იანვარში ლარი დოლარის მიმართ 0.3 პროცენტით გაუფასურდა
ეროვნული ბანკი - იანვარში ლარი დოლარის მიმართ 0.3 პროცენტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იანვარში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.2864-დან 3.2973-მდე, ანუ 0.3 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.9969-დან 4.0186-მდე, ანუ 0.5 პროცენტით გაუფასურდა.

„იანვარში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 3.3074, ხოლო მინიმალურმა 3.2766 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა 0.3 პროცენტი, ხოლო მინიმალური -0.6 პროცენტი დაფიქსირდა.

საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი ევროს მიმართ საშუალოდ 0.2 პროცენტით და თურქული ლირის მიმართ 4.4 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო რუსული რუბლისა და სომხური დრამის მიმართ 0.5 პროცენტით გამყარდა. აზერბაიჯანული მანათის მიმართ დოლარი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამასთან, როგორც ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, 2021 წლის იანვარში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 0.9 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.1 პროცენტით გაუფასურდა.

„წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 9.1 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 7.4 პროცენტით გაუფასურდა. სავაჭრო პარტნიორთაგან იანვარში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 2.8 პროცენტზე მაღალი იყო თურქეთში –  15.0 პროცენტი, ბელორუსში – 7.7 პროცენტი, უკრაინაში – 6.1 პროცენტი, რუსეთში – 5.2 პროცენტი, სომხეთში – 4.7 პროცენტი, აზერბაიჯანში – 3.3 პროცენტი, ხოლო დაბალი იყო აშშ-ში – 1.4 პროცენტი და ევროზონაში – 0.9 პროცენტი“ – აღნიშნულია ეროვნული ბანკის  მიმოხილვაში.