ეროვნული ბანკი - იანვარში კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 116.9 მლნ ლარით შემცირდა
ეროვნული ბანკი - იანვარში კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 116.9 მლნ ლარით შემცირდა

2021 წლის იანვარში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 116.9 მლნ ლარით შემცირდა და მთლიანი მოცულობა 37.6 მლრდ ლარს გაუტოლდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საკრედიტო პორტფელზე კლების მიმართულებით გავლენა მოახდინა როგორც ეროვნული, ასევე, უცხოური ვალუტით დაკრედიტების შემცირებამ.

„კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა 19.3 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი სესხების წლიური ზრდა 9.2 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის 89.3 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 89.5 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 40.9 პროცენტს შეადგენდა“, – აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.

ამასთან, ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, იანვარში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 117.6 მლნ ლარით, ანუ 0.7 პროცენტით შემცირდა და 16.62 მლრდ ლარს გაუტოლდა.

„აღნიშნული ცვლილება ძირითადად იურიდიული პირების მოკლევადიანი დაკრედიტების შემცირებით იყო განპირობებული. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა იანვარში 39.2 მლნ აშშ დოლარით, ანუ 0.6 პროცენტით შემცირდა”, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

რაც შეეხება ვადაგადაცილებულ სესხებს, იანვარში მათი მოცულობა 68.7 მლნ ლარით გაიზარდა და 602.2 მლნ ლარს გაუტოლდა. ვადაგადაცილებული სესხების 38.7 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. ასევე იანვარში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.2 პროცენტული პუნქტით, 55.5 პროცენტამდე გაიზარდა.