ეროვნული ბანკი - იანვარში ინფლაციის შემცირებაზე მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ კვლავ მნიშვნელოვნად იმოქმედა
ეროვნული ბანკი - იანვარში ინფლაციის შემცირებაზე მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ კვლავ მნიშვნელოვნად იმოქმედა

2021 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასები 1.1 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის მატებაზე, სეზონურად ზოგიერთი პროდუქტის გაძვირების გარდა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და მზესუმზირის ზეთის გაძვირების გამო, ადგილობრივ ბაზარზე შესაბამისი პროდუქტების გაძვირებამ იმოქმედა.

„ბენზინისა და მზესუმზირის ზეთის წვლილმა თვის ინფლაციაში სათითაოდ 0.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა. წლიურად სურსათი 6.3 პროცენტით იყო გაძვირებული. იანვრის 2.8-პროცენტიანი ინფლაციიდან სურსათზე 1.8 პროცენტული პუნქტი მოდიოდა, საიდანაც მხოლოდ ყველსა და ზეთზე – 0.6 პროცენტული პუნქტი. კვლავ მაღალი იყო სიგარეტის წვლილი – 0.3 პროცენტული პუნქტი. ავტომობილის სათანადარიგო ნაწილებზე, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტებსა და ქორწინების ოქროს ბეჭედზე ფასების ზრდამ ინფლაციის მატებაზე ჯამში 0.5 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ინფლაციის შემცირებაზე მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირება იანვარში კვლავ მნიშვნელოვნად, 1.6 პროცენტული პუნქტით მოქმედებდა.

ამის გარდა, წლიური ინფლაციის შემცირებაზე ყველაზე დიდი გავლენა ბენზინის, დიზელის და გაზის საწვავის წლიურად გაიაფებას ჰქონდა, ჯამში -0.7 პროცენტული პუნქტით. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 5.7 პროცენტამდე გაიზარდა.

მთლიან ინფლაციასა და საბაზო ინფლაციას შორის მნიშვნელოვანი სხვაობა მეტწილად ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადასახადის ზემოთხსენებულ სუბსიდირებას უკავშირდება. ასევე სახეზეა წინა პერიოდებში გაცვლითი კურსის გაუფასურების ეფექტი“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.