ეროვნული ბანკი - იანვარში ფულადი გზავნილების მოცულობა 40.8 პროცენტით შემცირდა
ეროვნული ბანკი - იანვარში ფულადი გზავნილების მოცულობა 40.8 პროცენტით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 263.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 704.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 40.8 პროცენტით – 181.6 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.

ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2 პროცენტი იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა იანვარში თითოეულზე ერთ მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 97.4 პროცენტი მოდიოდა.

გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 67.64 მილიონი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, მეორე ადგილზეა იტალია, 44.16 მილიონი აშშ დოლარით, მესამე ადგილს 38.00 მილიონი აშშ დოლარით აშშ იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა საბერძნეთი, 18.47 მილიონი აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – ისრაელი, 17.88 მილიონი აშშ დოლარით.

2024 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 69.2 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.5 პროცენტით ნაკლებია.