ეროვნული ბანკი - იანვარში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა, უცხოურ ვალუტაში კი გაიზარდა
ეროვნული ბანკი - იანვარში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა, უცხოურ ვალუტაში კი გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 48.22 მლნ ლარით, ანუ 0.13 პროცენტით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 38.17 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 89.51 მლნ ლარით, ანუ 0.53 პროცენტით შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 41.28 მლნ ლარით, ანუ 0.19 პროცენტით გაიზარდა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის იანვრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.33 მლრდ ლარის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 1.68 პროცენტით ნაკლებია, ხოლო უცხოური ვალუტით 13.23 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.25 პროცენტით მეტია.

2021 წლის იანვრის განმავლობაში 0.08 პროცენტით, ანუ 14.87 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 18.77 მლრდ ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი თებერვლისთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.14 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.18 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.13 პროცენტული პუნქტით).