ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის ასოცირებული წევრი გახდა
ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის ასოცირებული წევრი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ასოცირებული წევრი გახდა.

ბანკის ინფორმაციით, IOSCO-ს წევრობა, კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ IOSCO-ს ასოცირებული წევრობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები 2017 წელს დაიწყო. პროცესი მოიცავდა, როგორც მოლაპარაკებებს IOSCO-ს წარმომადგენლობასთან, ასევე, მსოფლიო ბანკის დახმარებით, ქართული ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კანონმდებლობის IOSCO-ს პრინციპებთან შესაბამისობის თვითშეფასებას. სამოქმედო გეგმის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალში IOSCO-ს მუდმივ წევრობას გეგმავს.

IOSCO-ს ასოცირებული წევრობა, ერთი მხრივ, გაზრდის საერთაშორისო ინვესტორების ნდობასა და ინტერესს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიმართ. მეორე მხრივ კი, აამაღლებს საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულატორის რეპუტაციას. ამასთან, ეს შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ეროვნულ ბანკს გაიზიაროს სხვა წევრი ქვეყნების გამოცდილება ბაზრის რეგულირებისა და განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბანკი განმარტავს, რომ IOSCO ფასიანი ქაღალდების სექტორში გლობალურ სტანდარტებს აწესებს და მის მიერ შემუშავებული ბაზრის რეგულირების პრინციპები, მთელ მსოფლიოშია აღიარებული. ამასთან, ორგანიზაციის წევრები ერთმანეთისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებითა და თანამშრომლობით უზრუნველყოფენ ფასიანი ქაღალდების ბაზრების მეტ გამჭვირვალობას, სისტემური რისკების შემცირებასა და სექტორის მიმართ ინვესტორთა ნდობის ამაღლებას.

ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაცია (IOSCO) 1983 წელს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის 11 მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაარსდა.  სათავო ოფისი მდებარეობს მადრიდში. დღესდღეობით, ორგანიზაციაში 115-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელია გაერთიანებული, რომლებიც ჯამში მსოფლიოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის 95 პროცენტზე მეტს არეგულირებენ.

დატოვე კომენტარი