ეროვნული ბანკი - დეკემბერში წლიური ინფლაციის მატების მთავარი მიზეზი კომუნალური გადასახადების წვლილის ზრდაა
ეროვნული ბანკი - დეკემბერში წლიური ინფლაციის მატების მთავარი მიზეზი კომუნალური გადასახადების წვლილის ზრდაა

2021 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 13.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასებმა 0.3 პროცენტით მოიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით სეზონური ფაქტორების გამო ყველსა და კომბოსტოზე გაზრდილმა ფასებმა ინფლაცია ჯამში 0.2 პროცენტული პუნქტით გაზარდა, ხოლო ქათმის ხორცის და კარტოფილის გაიაფებამ ჯამში 0.1 პროცენტული პუნქტით შეამცირა.

„დეკემბერში წლიური ინფლაციის მატების მთავარი მიზეზი კომუნალური გადასახადების წვლილის ზრდაა. როგორც წინა ანგარიშებში აღვნიშნეთ, კომუნალური გადასახადების გავლენა ინფლაციაზე მოიცავს როგორც გადასახადების გაძვირებას ასევე სუბსიდირების დასრულების ეფექტს . დეკემბრიდან ამ ფაქტორებს საბაზო ეფექტი დაემატა. კერძოდ, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ეფექტი ინფლაციაზე 2020 დეკემბრიდან 2021 თებერვლის ჩათვლით აისახა, რის გამოც ინფლაციამ ამ პერიოდში იკლო. ერთი წლის შემდეგ, საბაზო ეფექტის გამო, კომუნალური გადასახადების გავლენამ წლიურ ინფლაციაზე წინა თვესთან შედარებით 2.0 პროცენტული პუნქტით, 3.6 პროცენტული პუნქტამდე მოიმატა. წლიურ ჭრილში, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას სურსათის ფასები ახდენს. სურსათის გაძვირება გლობალური ტენდენციაა, რაც საქართველოზეც აისახება. დეკემბერში სურსათის წლიურმა ინფლაციამ 16.1 პროცენტი, ხოლო წვლილმა მთლიან ინფლაციაში 4.7 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ოქტომბერში გაძვირების შემდეგ, სურსათიდან ყველაზე გამოსარჩევი პური გახდა. სამომხმარებლო კალათაში პურს ყველაზე დიდი წონა (3.74%) აქვს. ამ პროდუქტის წლიური გაძვირება დეკემბერში 22.2 პროცენტს გაუტოლდა, რის გამოც ინფლაციაზე მისმა გავლენამ 0.8 პროცენტული პუნქტი შეადგინა. კვერცხის და კარტოფილის წვლილი ინფლაციაში თითოეულისთვის 0.4-0.4 პროცენტული პუნქტს შეადგენდა. შემცირდა, თუმცა კვლავ მაღალი, 0.3 პროცენტული პუნქტი, რჩება მზესუმზირის ზეთის გავლენა ინფლაციაზე. ამდენივეა ყველის წვლილიც. მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და, შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა. 2020 წლის დეკემბერთან შედარებით ბენზინი – 39.9, დიზელი 34.7, ხოლო გაზის საწვავი 14.2 პროცენტით არის გაძვირებული, რითაც საწვავის წვლილი წლიურ ინფლაციაში 1.9 პროცენტული პუნქტს უტოლდება. ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 7.9 პროცენტით გაძვირდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 6.0 პროცენტამდე შემცირდა“,- აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამასთან, ცენტრალური ბანკის ანგარიშის მიხედვით, დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ ადგილობრივ, შერეულ და იმპორტირებულ საქონელზე შესაბამისად 10.1, 15.1 და 20.8 პროცენტი შეადგინა.