ეროვნული ბანკი - დეკემბერში ლარი დოლარის მიმართ 1.2, ხოლო ევროს მიმართ 2.2 პროცენტით გამყარდა
ეროვნული ბანკი - დეკემბერში ლარი დოლარის მიმართ 1.2, ხოლო ევროს მიმართ 2.2 პროცენტით გამყარდა

დეკემბერში ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3.1374-დან 3.0987-მდე, ანუ 1.2 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.5831-დან 3.5035-მდე, ანუ 2.2 პროცენტით გამყარდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 3.0976 და 3.5040 შეადგინა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

„საანგარიშო პერიოდში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 3.1283, ხოლო მინიმალურმა 3.0774 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა – 1.0 პროცენტი, ხოლო მინიმალური -0.7 პროცენტი დაფიქსირდა.

საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი ევროს მიმართ საშუალოდ 1.8 პროცენტით გამყარდა, ხოლო თურქული ლირის მიმართ საშუალოდ – 22.5 პროცენტით, სომხური დრამის მიმართ საშუალოდ – 1.7 პროცენტით და რუსული რუბლის მიმართ საშუალოდ 1.4 პროცენტით გაუფასურდა, აზერბაიჯანული მანათის მიმართ კი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა“, – აცხადებენ ცენტრალურ ბანკში.

ამასთან, როგორც ცენტრალურ ბანკში აღნიშნავენ, წინა თვესთან შედარებით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 4.0 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 6.6 პროცენტით გამყარდა.

„წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 20.4 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 17.9 პროცენტით გამყარდა. სავაჭრო პარტნიორთაგან დეკემბერში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 13.9 პროცენტზე მაღალი იყო თურქეთში – 36.1 პროცენტი, ხოლო დაბალი იყო აზერბაიჯანში – 12.0 პროცენტი, ბელორუსსა და უკრაინაში – 10.0 პროცენტი, რუსეთში – 8.4 პროცენტი, სომხეთში – 7.7 პროცენტი, აშშ-ში – 7.0 პროცენტი და ევროზონაში – 5.0 პროცენტი“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.