ეროვნული ბანკი დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის თემებზე მონეტების რეალიზაციას იწყებს
ეროვნული ბანკი დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის თემებზე მონეტების რეალიზაციას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ნუმიზმატური მიმართულების განვითარებას და საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით, აგრძელებს მუშაობას საკოლექციო მონეტების სერიაზე „საქართველოს მეფეები“. ამჯერად წარმოდგენილია დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის თემებზე საკოლექციო დანიშნულების ხუთი ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტებს. დავითისა და თამარის მონეტებისთვის ესკიზები ღია კონკურსის წესით შეირჩა და ისინი ნიტა გონგაძემ მოამზადა.

დავითის და თამარის მონეტები ლიეტუვის ზარაფხანაში მოიჭრა – ვერცხლის მონეტები – 3 000-იანი, ხოლო ოქროს მონეტები – 500-იანი ტირაჟით. ვერცხლის მონეტების ფასი 110 ლარია, ოქროს მონეტების – 1 500 ლარი.

„ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მონეტების შეძენა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ონლაინ მაღაზიის საშუალებით იქნება შესაძლებელი და მონეტების გაყიდვა მოხდება ეტაპობრივად: დავითის ოქროს მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 16 ნოემბერს, 10:00 საათიდან; დავითის ვერცხლის მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 22 ნოემბერს, 10:00 საათიდან; თამარის ოქროს მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 3 დეკემბერს 10:00 საათიდან; თამარის ვერცხლის მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 8 დეკემბრის, 10:00 საათიდან.

იმისათვის, რომ მონეტები უფრო მეტი დაინტერესებული პირისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი, ისინი ლიმიტირებულად გაიყიდება – ერთ მომხმარებელს არაუმეტეს ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მონეტის შეძენა შეეძლება“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.